სკოლა – ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
ადგილი, სადაც ის იცნობს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს. სწავლობს ურთიერთობებს, მეგობრობას, პასუხისმგებლობას. სწორად შერჩეული სკოლა, როგორც მოსწავლის, ისე მშობლის ცხოვრებაში, ასევე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. როცა სკოლის შერჩევას ვიწყებთ, გვებადება კითხვა: რა გვინდა რომ სკოლიდან მიიღოს ჩვენმა შვილმა. რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხშირად, ცოდნის მიღება არ არის ერთადერთი პირობა. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს – გარემოს, მასწავლებლებს, დამოკიდებულებებს, ბავშვებს და იმას, თუ როგორ ვეცდებით სკოლა მათთვის მეორე სახლი გახდეს.
სკოლებზე საუბრისას, ხშირად მსმენია “წმ.ნიკოლოზის სახელობის სკოლის” მიმართ აღფრთოვანება და დადებითი შეფასებები. პირველი, რაზეც მშობლები ყურადღებას ამახვილებენ, სკოლაში შექმნილი შინაურული და მეგობრული გარემოა. “სითის” გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა თავად ენახა და გადაეღო ეს სკოლა. გვინდოდა გაგვეგო რას და როგორ სწავლობენ ბავშვები იქ და როგორ ემზადებიან წინასაახალწლოდ. პირველი, რაც იქ მისულებს თვალში მოგვხვდა, სკოლის ინფრასტრუქტურაა. ლამაზი, ნათელი შენობა, დიდი სტადიონი, მაღალი დონის საცურაო აუზი, უზარმაზარი ბიბლიოთეკა, კაფეტერია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სუფთა, დიდფანჯრიანი საკლასო ოთახები. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მოსწავლის ნებისმიერი ინტერესი და სურვილი დაკმაყოფილდეს. ჰოლში მაღალი, მწვანე, ფერადბურთებიანი ნაძვის ხეც დაგვხვდა. ბავშვები ახალი წლისთვის ემზადებიან. დერეფანში სიჩუმეა. გაკვეთილი მიმდინარეობს. მაინც მოვახერხეთ რამდენიმე კლასში შესვლა და ბავშვებთან გასაუბრება.
პირველკლასელი გეგა – ჩვენს სკოლაში, გარდა გაკვეთილებისა, სხვადასხვა წრეა. ყველაზე მეტად ცურვა მიყვარს. მიყვარს მათემატიკა და ბუნების მასწავლებელი, რადგან სულ მეფერება. მიყვარს, როცა მასწავლებელი სითბოს გამოხატავს და არ გვეჩხუბება.
ელისაბედი, 6 წლის – მიყვარს,როცა მასწავლებელი მაქებს. მიყვარს გზა სკოლამდე – სკოლის ავტობუსით, რადგან იქ ჩემს მეგობრებს ვხვდები და ბევრს ვლაპარაკობთ. მალე “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” უნდა დავდგათ და ჩემი როლისთვის ვემზადები. ერთი სული მაქვს როდის მოვა საახლწლო ღონისძიების დღე. ძალიან მიყვარს ჭამა და სულ ველოდები სადილის დროს. სკოლაში ყველაზე გემრიელად ვჭამ.
მე-4 კლასელი თემო – ჩემს სკოლაში ყველაზე მეტად არტთერაპია მიყვარს. ეს განტვირთვის გაკვეთილია, სადაც თიხაზე ვმუშაობთ. გვაქვს პლასტელინიც. როცა ვიღლებით, მასწავლებელი დასვენების უფლებას გვაძლევს. სიამოვნებას განვიცდი,როცა რაღაც ახალს ვქმნი თიხისგან. ხელოვნება ძალიან მიყვარს.
ლაზარე, მე-7 კლასელი – ბიჭებს გაკვეთილების შემდეგ ფეხბურთის თამაში მოგვწონს. სპორტული აქტივობები ჩემი საყვარელი გასართობია. ვთამაშობთ, კალათბურთს, ხანდახან ვცურავთ. ძალიან მიყვარს ჩვენი ბუფეტის პიცა და სულ ველოდები როდის მოვა პიცის დღე. ეს ნამდვილი ზეიმია. ძალიან მაინტერესებს “პიესეიჩის” გაკვეთილი. ამ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვმსჯელობთ. მასწავლებელთან ერთად განვიხილავთ როგორ მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციებში. ამ გაკვეთილზე აზროვნების უნარს ვავითარებთ.
“წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა” 2012 წელს დაარსდა. სკოლაში, კემბრიჯის უნიკალური მეთოდით, ბავშვები პირველი კლასიდან ინგლისურს და მათემატიკას გაძლიერებულად სწავლობენ. კემბრიჯის მეთოდის უნიკალურობა მხოლოდ ინგლისურის კარგ ცოდნაში არ გამოიხატება. ამ მეთოდით ბავშვებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: კრიტიკული აზროვნების უნარი,გუნდური მუშაობის შესაძლებლობები უყალიბდებათ. ბავშვებთან გასაუბრების შემდეგ, გადავწყვიტე თავად დავსწრებოდი გაკვეთილს. მე-7 კლასელებთან ერთად PSHE-ის გაკვეთილზე შევედი. ეს არის პიროვნული,სოციალური,ზოგადი სამედიცინო და ეკონომიკური განათლება. მთავარი, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია, ბავშვების აქტიურობა და მნიშვნელოვანი თემების გაანალიზების უნარი იყო. მათთან ერთად მეც ჩავერთე დისკუსიაში. ვისაუბრეთ როგორ ვიქცევით დილემის დროს, კრიტიკულ სიტუაციაში. განვხილეთ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს,რომ ის ლიდერად ჩამოყალიბდეს, შეძლოს სიტუაციის ადეკვატური მართვა. რა დროს უნდა გამოვხატოთ კრიტიკული აზრი და როგორ უნდა ვიმუშაოთ გუნდურად. ეს გაკვეთილი ჩემთვისაც დიდი გამოცდილება და აღმოჩენა იყო. აქ განხილული თემებით ბავშვები ცხოვრების რთულ გამოწვევებთან ბრძოლისუნარიანობას ივითარებენ. თანამედროვე ცხოვრებაში კი, გამოწვევებისა და რისკების ალბათობა სულ უფრო მეტია და ამ ასაკშივე ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადება და ცოდნის მიღება უმნიშვნელოვანესია.
ბავშვებთან გასაუბრებისა და გაკვეთილზე დასწრების შემდეგ,ზარიც დაირეკა. მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გამოცვივდნენ. ზოგი ნაძვის ხესთან მივიდა, ზოგი ცურვაზე გაიქცა,ზოგი კაფეტერიაში შევიდა. დადგა ყველაზე სახალისო – ფოტოსესიის ეტაპი. მეც და ჩვენი ფოტოგრაფიც რამდენიმე საათით სკოლის მოსწავლეები გავხდით. რაც მთავარია, პატარებმა სიხარულით დაგვრთეს ნება ფოტოები გადაგვეღო.
– სად დაგვბეჭდავთ? – ეს იყო ბავშვების გულწრფელი შეკითხვა. გადაღებებმა სიცილში და მხიარულებაში ჩაიარა. სკოლიდან გამოსულს, ჩემი სკოლა გამახსენდა. რა კარგია, რომ არსებობს სივრცე, სადაც მეგობრები გელოდებიან, სადაც ახალ აღმოჩენებს აკეთებ და სადაც, სწავლასთან ერთად, დასვენება და გართობაც შეგიძლია.