გთავაზობთ ჩვევების ჩამონათვალს, რომელიც იდეალურმა მშობელმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს.
#1. ნუ დასვამთ ბევრ შეკითხვას
რა თქმა უნდა, შვილებისთვის შეკითხვების დასმა მნიშვნელოვანია მშობლისგან, თუმცა ზედმეტი კითხვების დასმამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი და ბავშვების დემოტივირება გამოიწვიოს.
მაგალითად:
„5 წუთში, სახლში წასვლის დროა, ხომ წახვალ?“,
„გთხოვ დღეს ბოსტნეული მიირთვი, მითხარი, ხომ მიირთმევ?“,
„აბაზანის მიღების დროა, გესმის?“
აჯობებს შეკითხვები უფრო ჭკვიანურად შეარჩიოთ. მითითებები და აკრძალვები შვილებს მკაფიოდ ჩამოუყალიბეთ, აგრძნობინეთ რომ კონკრეტულ საკითხში დათმობებზე არ წახვალთ, თუმცა, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, ამ გზით მეტი შანსი გაქვთ თქვენს მიზანს უმტკივნეულოდ მიაღწიოთ.
მაგალითად:
„5 წუთში სახლში მივდივართ“;
„სანამ წავალთ შეგიძლია სასრიალოდ წახვიდე ან საქანელაზე გაერთო“;
„ბოსტნეულის ჭამა აუცილებელია, ჯანმრთელი უნდა იყო“;
„რომ შეჭამ, შემდეგ შეგიძლია სათამაშოდ წახვიდე“;
„დროა აბაზანა მიიღო, წავედით!“
#2.ნუ დააყენებთ თქვენს შვილებს დიდი არჩევანის წინაშე.
ბავშვების უმეტესობას სინამდვილეში უჭირს არჩევანის გაკეთება 3-ზე მეტი ვარიანტიდან. განუსაზღვრეთ 2-3 ვარიანტი და დრო მიეცით სწორი არჩევანის გასაკეთებლად. გაითვალისწინეთ, ზოგ ბავშვს შედარებით მეტი დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად.
#3. ნუ მოახდენთ ზედმეტ რეაგირებას მოვლენებზე – იყავით ადექვატური.
ყველა ნაკაწრს ძლიერი ემოციით ნუ უპასუხებთ. სანაცვლოდ, მზად იყავით გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, გაუწიეთ პირველადი დახმარება და პანიკას ნუ მიეცემით სისხლის დანახვისას. მიეცით თქვენს შვილებს შესაძლებლობა, იბრძოლონ, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სირთულეებს და ისწავლონ საკუთარი თავის დაცვა; თქვენ ფარულად უგულშემატკივრეთ.
#4. ნუ ეცდებით გამუდმებით დამალოთ საკუთარი ემოციები
ეს რჩევა უფრო მეტად მამებს ეხებათ ვიდრე დედებს. ქალებს გაცილებით უადვილდებათ გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. ყოველთვის ეცადეთ გული გადაუშალოთ თქვენს შვილებს – გულახდილად ესაუბრეთ, ჰკითხეთ რჩევებიც. შედეგი გაგაოცებთ, ბავშვები საოცრებებს ახდენენ.
#5. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულები
მიეცით შვილებს შანსი, ისწავლონ და გაიზარდონ საკუთარ შეცდომებზე. მშობლის უკუკავშირი მნიშვნელოვანია, თუმცა, არ უნდა გადაამეტოთ (აქაც სიფრთხილე გმართებთ). არ დაგავიწყდეთ შექება, წახალისება და დადებითი შეფასებები. როგორც ექსპერტები გვირჩევენ, 1 შენიშვნას 5 დადებითი შეფასება უნდა მოყვებოდეს.
#6. შიში, როგორც მშობლის თავდაცვის იარაღი, უსარგებლოა.
შიში არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი თქვენი შვილების ქცევის ფორმირებაში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დაივიწყოთ დისციპლინა და სასჯელი, პირიქით მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა შედეგი შეიძლება მოყვეს მათ არასწორ ქმედებასა თუ დაუმორჩილებლობას, თუმცა, საკითხს ფაქიზად უნდა მიუდგეთ. თუ თქვენი შვილი მცირეწლოვანია, კიდევ უფრო დიდი მოთმინება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, ისინი ხომ სიახლეების შეცნობის პროცესში არიან და მზად არიან თავგადასავლებისთვის. თუ რაიმე გაწყენინეს გაგებით მოეკიდეთ, ნაკლებად მოსალოდნელია ეს გამიზნულად გააკეთონ.
#7. ნუ შეძლებთ შეუძლებელს თქვენი შვილებისთვის
გეთანხმებით, როდესაც თქვენ თავად ზრუნავთ თქვენს პატარებზე, ყველაფერი სუფთაა, დალაგებული, მოწესრიგებული, თუმცა, ასე ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. ერთ დღეს მოუწევთ თავად გაწმინდონ ფეხსაცმელი, ჩაალაგონ ჩანთა, დაალაგონ ოთახი. ასე რომ, რაც მალე მიაჩვევთ საკუთარ თავზე ზრუნვას და პირადი ნივთების მოწესრიგებას, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.
მიაჩვიეთ თქვენი შვილები პასუხმგებლობის აღებას. სახლი ნამდვილად ის ადგილია სადაც უნდა დაიწყოს ბავშვებისთვის ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება – პასუხისმგებლობა, ნდობა, წესრიგი, ჰიგიენაზე ზრუნვა – ეს ის უნარებია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. გაითვალისწინეთ ჩამოთვლილი რჩევები და ახალი მიდგომებით დაიწყეთ თქვენს შვილებზე ზრუნვა.
მომზადებულია Thenewageparents-ის მიხედვით.